
“ზამთარში ბოძზე მაბამდნენ, მანქანას რეზინს აძრობდნენ და იმით მცემდნენ, მიზეზი ის იყო, რომ მშიოდა და მაპატიოს უფალმა, პურს და ვაშლს ვიპარავდი ხოლმე” – ასე იწყებს ბავშვობის გახსენებას “პრაიმტაიმთან” მარიამი. ახლა, ის 41 წლისაა და საპატრიარქოს თავშესაფარში შვილებთან ერთად ცხოვრობს. მთელ განვლილ ცხოვრებაში ბედნიერი დღეები მაშინ მქონდა, როცა შვილები ამ ქვეყანას მოევლინენო, ამბობს.
მარიამისთვის ბავშვობა უმძიმეს წლებთან ასოცირდება – ის დაბადებისთანავე დედამ მიატოვა, მერე ბავშვთა სახლი იყო, საიდანაც 5 წლის ასაკში მოხუცმა ცოლ-ქმარმა იშვილა. მოხუცებს თბილად იხსენებს, მზრუნველები იყვნენ, მაგრამ მათი შვილები, რძალი და შვილიშვილები უმოწყალოდ აწამებდნენ, პატარა გოგოსთვის საჭმელი და თბილი ტანსაცმელი საოცნებო იყო. როცა მოხუცები დაიღუპნენ, მათმა ოჯახმა მარიამი სკოლა-ინერნატში დააბრუნა. იქაც მძიმე წლები გავიარე, პატრონი არ მყავდა და ამიტომო.
როცა სკოლა-ინტერნატის დირექტორს პატარები დასასვენებლად მიჰყავდა, მე მტოვებდნენ, ცუდად მექცეოდნენ, ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ და ამიტომ, მე-10 კლასიდან დავტოვე და მუშაობა რესტორანში მიმტანად დავიწყეო, ამბობს. სწორედ მაშინ მომავალი მეუღლე გაიცნო, ბიჭის მშობლები გახდნენ, მალევე ქმარი დაეღუპა და უმძიმეს ცხოვრება გამოვლილი ქალი პატარასთან ერთად ისევ მარტო დარჩა.
გავიდა წლები და მარიამმა მეორედ იქორწინა. ამბობს, ბავშვთა სახლშივე მქონდა გადაწყვეტილი, ბევრი შვილი გამეჩინა, რათა ერთმანეთის იმედი ჰქონოდათ და დამცველები ჰყოლოდათო. ალბათ, ერთადერთია ოცნება, რომელიც შეუსრულდა, ის ხუთი შვილის დედაა.
არც მეორე ქორწინებაში გაუმართლა – ქმარი მოძალადე აღმოჩნდა. ითმენდა დამცირებას, ცემას, ეჭვიანობას, ყოველგვარ ძალადობას სანამ, ქმარმა საკუთარ შვილებზე ძალადობაც არ დაიწყო. ბავშვების დაცვის მიზნით, განქორწინდა. ბავშვობა წართმეულმა, ჯანმრთელობა შერყეულმა ქალმა ცხოვრება დამოუკიდებლად გააგრძელა და ახლა, რაც ახარებს შვილებია, რომლებიც დედაზე ზრუნავენ, სითბოს გამოხატავენ და არასოდეს საყვედურობენ გაუსაძლის გაჭირვებაზე.
ჩემი ბიჭი სკოლაში ზამთარში, ქურთუკის გარეშე დადიოდა, როცა ძალიან ციოდა, ჩემს (ქალის) ქურთუკს იცვამდა, რომ არ ეგრძნობინებინა, რომ განიცდიდა… ახლა, მე-11 კლასელ ბიჭს ფეხსაცმელი არ აქვს… ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარებაა, მაგრამ რიგ პროდუქტებს მაინც ვერ ყიდულობს – ისეთს, რომლებიც ძალიან გაძვირდა…
“ეჰ, ვიცი ტყუილად დავწერ, მაგრამ მაინც ვწერ. დავიბადე პირველ სამშობიაროში, თბილიში და ეგრევე ბავშვთა სახლში წამიყვანეს, რადგან მიმატოვა, ვინც გამაჩინა და გამწირა ტკივილისთვის, ტანჯვისთვის. სად არ ვიყავი და მაინც ვერ ვიპოვე, ვინც გამაჩინა.
ვიცი, რომ 1980 წელს დავიბადე, ნამდვილი გვარი არ მაქვს და არც სახელი. ხუთ წლამდე ვიზრდებოდი ბავშვთა სახლში, მერე ამიყვანეს, იქ 2 წელი ვიყავი და ჯოჯოხეთი გამოვიარე ისეთ დღეში მაგდებდნენ. ამიყვანა მოხუცმა ცოლ-ქმარმა, რომლებიც სოფელში ცხოვრობდნენ, მათ ჰყავდათ შვილი და შვილიშვილებიც, მაგრამ ისინი არ ჩადიოდნენ ამ მოხუცებულებთან და ამიტომაც ამიყვანეს.
როცა მოხუცების შვილებმა და შვილიშვილებმა გაიგეს, რომ ამიყვანეს და დაიწყეს ხშირად სიარული სულ მაწამებდნენ. მალევე ბებია დაიღუპა, ბაბუაც ავადმყოფობდა, მე კი ამათი რძალი და შვილები მამწარებდნენ. ზოგჯერ ისე მცემდნენ, გულიც წამსვლია, 5 წლისას ზამთარში ბოძზე მაბამდნენ, მანქანას რეზინს აძრობდნენ და იმით მცემდნენ, მიზეზი ის იყო, რომ მშიოდა და მაპატიოს უფალმა, პურს და ვაშლს ვიპარავდი ხოლმე რომ მეჭამა. ზოგჯერ შიმშილისგანაც წამსვლია გული, ისინი კი იკეტებოდნენ ოთახში და ჭამდნენ ყველაფერს, მაშინ ხმელი პურიც მენატრებოდა. თუ მათი შვილები დამინახავდნენ რომ რაღაცას ვჭამდი, მშობლებს ეუბნებოდნენ…
არასდროს დამავიწყდება ჩემი მწარე წარსული ბაბუა რომ გარდაიცვალა, გასვენებულიც არ იყო ჯერ ბავშვთა სახლში წამიყვანეს. ეჰ, მთელი ცხოვრება ცუდი ხალხისგან ჩემს თავს თვითონ ვიცავდი, არც ბავშთა სახლი არის კარგი მითუმეტეს როცა პატრონი არ გყავს, არ მახსოვს რამე ახალი მცმოდა, ზამთარში პალტოც კი არ მქონია ისე ვიზრდებოდი. ასე გამწირა ჩემა გამჩენმა, იმდენი რამ მინდა ვთქვა, დავიცალო, მაგრამ ვიცი, ვინმე დამცინებს, ამიტომ ერთი სათხოვარი მექნება – ნუ დამცინებთ, ისედაც ამ ცხოვრებაში ბევრი ტკივილი მივიღე და გულს თქვენც ნუ მატკენთ.
ვერ მუშაობ, რადგან ამ 2 წლის განმავლობაში,18 ოპერაცია გამიკეთეს და თან დიაბეტი, ასთმა და ეპილეფსიაც მაქვს. ვცხოვრობ ჩემს შვილებთან ერთად მარტო, ქმარს გაცილებული ვარ, რადგან მცემდა და მონასავით მექცეოდა, მონას მეძახდა რადგან არ მყავდა პატრონი… ავჭალაში ვცხოვრობ და მქვია მარიამი, ეს ჩემი ნათლობის სახელია, ჩემი ცხოვრება ტაძარს დავუკავშირე, იოანე ნათლიმცემელის ტაძრის მრევლი ვარ. საბუთში რა სახელიც მიწერია, არ მინდა, რომ ვინმემ დამიძახოს, რადგან ტკივილს მახსენებს, რაც გამოვიარე, ახლაც კი ვტირი, როცა ვიხსენებ” – ამბობს მარიამი.
























