13:10 | 2021-05-13 ავტორი: Prime Time

ზეწრები ჩავიტანე და ვნახე გული მანქანის გვერდით იყო… – თვითმხილველი იხსენებს როგორ ჩაცხრილეს თბილისში „კანონიერი ქურდი“ პაატა ჩლაიძე

ზეწრები ჩავიტანე და ვნახე გული მანქანის გვერდით იყო… – თვითმხილველი იხსენებს როგორ ჩაცხრილეს თბილისში „კანონიერი ქურდი“ პაატა ჩლაიძე

90-იანი წლები საქართველოს ისტორიაში სამოქალაქო დაპირისპირების გარდა კრიმინალური გარჩევებით და ე.წ. საძმოების სისხლისღვრითაც შევიდა, შესაბამისად უახლესი წარსულის ეს ტრაგიკული მოვლენები დღემდე იწვევს საზოგადოების ინტერესს.

 

თბილისში განსაკუთრებით ახსოვთ 1994 წელს, მშრალ ხიდთან მომხდარი მკვლელობა, რა დროსაც ავტომობილში „კალაშნიკოვის“ ავტომატებით, 39 წლის ასაკში ჩაცხრილეს ცნობილი „კანონიერი ქურდი“ პაატა ჩლაიძე.

 

 

 

მკვლელობას ზოგი მხედრიონს უკავშირებდა, ზოგი ქურდული გავლენების გადანაწილებას, ზოგიც სევასტოპოლის ქუჩაზე თორაძეების ოჯახის ამოხოცვას, ვინაიდან ამ ოჯახთან პაატა ჩლაიძე ახლობლობდა და ბოლო წუთამდე ცდილობდა ე.წ. „ბოროტების“ საძმოსთან ძმები თორაძეების დაზავებას. იყო ვერსია, რომ პაატა ჩლაიძის მკვლელობა სამი დღით ადრე სასტუმრო „მეტეხში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა, რა დროსაც „კანონიერი ქურდს“ და მის თანხმლებ პირებს მენეჯერის, რიჩო ჯავახაძის ვაჟთან დაპირისპირება მოუხდათ.

 

 

ასეა თუ ისე, თბილისში, მშრალ ხიდთან მომხდარი ეს გახმაურებული მკვლელობა დღემდე ბურუსით არის მოცული და ბევრი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია.

 

 

 

 

მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ჰყავდა, მათ შორის იყო ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც იქვე, ვორონცოვის მოედანზე, საკუთარი სახლის ფანჯრიდან იყურებოდა, როცა მოულოდნელად ავტომატებიდან სროლა ატყდა.

 

აი, რას იხსენებს სოციალურ ქსელში ლევან გოგოლაშვილი წლების შემდეგ:

 

„მე მაშინ ვიყავი ძალიან პატარა, თუმცა მახსოვს კარგად, რადგან მაშინ მივიღე ყველაზე დიდი ტრავმვა. ერთი დილა იყო და მაშინ ფირმა მანქანები ასე არ დადიოდნენ.

 

მოდელების სახლიდან უცებ სუზუკის ჯიპმა გაიქროლა ვარანცოვის ხიდის გავლით, მერე ვიყურები და მოდის შავი „ვოლგა 31“ და სამხედროში ჩაცმული ადამიანები დგებიან მოედანზე.

 

 

 

 

უცებ დედაენის ბაღიდან მოდის ეს ჭიპი თითქოს ხელის დაქნევას უპირებდა, რომ ამ „ვოლგიდან“ გადმოსულმა სამმა, თუ ოთხმა ადამიანმა (რაოდენობა კარგად არ მახსოვს) „ოჩერედით“ მიუშვა ამ ჯიპს, რომელიც წამოვიდა და საიდანაც ვიყურებოდი იმ სახლის ქვევით შევარდა.

 

ეს მოხდა წამებში და უცებ ვიღაცამ დაიყვირა პაატა მოკლესო… და მთელი ვარანცოვი გაივსო. მერე იმდროინდელი პოლიციაც მოვიდა. მე ვიყავი ის ბავშვი, რომელმაც ზეწრები ჩავიტანე და რომ შევხედე მანქანას მაშინ ვნახე პირველად ტვინი, გული სულ მანქანის გვერდით იყო და ჩემზე ძალიან იმოქმედა“.

ავტორი: Prime Time

X