
პროფესიით ჟურნალისტი, სალომე ქირია, უკვე 8 წელია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის სკოლაში, პროექტ „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში მასწავლებლად მუშაობს.
სალომე სოფელ საბირქენდში ცხოვრობს და გვიყვება იმ განცდების შესახებ რაც 8 წლის განმავლობაში გადაიტანა.
„ვარ ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშიდან, პროფესიით ჟურნალისტი. მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა არ მოხერხდა.
ჩემმა მეგობარმა მითხრა ამ პროექტის შესახებ და ჩავერთე, გამანაწილეს მარნეულში.
ვიცოდი სად იყო მარნეული და ისიც, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობდნენ, მაგრამ უშუალო კონტაქტი არ მქონია.
სწავლა რომ დაიწყო მარნეულში ჩავედი. სკოლაში დირექტორი დამხვდა და სოფელ საბირქენდში წამიყვანა. ძალიან თბილი ოჯახი დამხვდა, თუმცა ჩემთვის სულ უცხო გარემო იყო. ქართული არ იცოდნენ.
ოჯახში სადაც ვცხოვრობდი ბავშვმა იცოდა ცოტა ქართული და მეგონა სხვა ქვეყანაში მოვხვდი.
ეს ყველაფერი თავიდან განვიცადე და რამდენიმე ხანი ვტიროდი ხოლმე. მერე სკოლაშიც სასწავლო პროცესში ჩავერთე და ძალიან შემიყვარდა ჩემი მოსწავლეები, ეს სოფელიც.
სახალისო და კარგი გაკვეთილები გვაქვს, 8 წლის მანძილზე ბევრმა ბავშვმა ისწავლა სახელწიფო ენა.
ჩემი ყველაზე დიდი მიზანია ჩემი პროფესიული განვითარება და ახალი თაობის ქართულის კარგად ცოდნა, კორონავირუსის გამო ონლაინ სწავლება მოგვიწია.
ვცდილობთ, თუმცა ვერ ვიტყოდი 100% კარგად გამოდის, რადგან სოფელ საბირქენდში ინტერნეტის პრობლემა არის.
ზოგს ტელეფონი არც აქვს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ვახერხებთ სწავლას“, – ამბობს სალომე ქირია.
ახალგაზრდა პედაგოგი თვლის რომ სოფელ საბირქენდში, სკოლის მოსწავლეების გარდა, სოფლის მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება შეუძლია და ამიტომ დარჩა 8 წელი საბირქენდში.

როგორც გვიყვება აქტიურ ახალგაზრდებთან ერთად შექმნა 15-კაციანი საინიციატივო ჯგუფი და სხვადასხვა პროექტებზე მუშაობენ.
ერთ-ერთი პროექტით სოფელს ახალი სტადიონი გაუკეთეს.
დღეს კი სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებასაც ცდილობენ.
„ვმუშაობთ სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაზე, რაც აქვს სოფელს, დავწერეთ პროექტი, მერიამ დაგვაფინანსა და სოფელს სტადიონი გაუკეთეს,ეს კარანტინი რომ დასრულდება გაიხსნება კიდეც“, – ამბობს პედაგოგი.
სალომე ქირია გვიყვება, რომ მისი ამ სოფლიდან წასვლის შემდეგ, უნდა, რომ ბევრი კარგი საქმე დარჩეს სოფელ საბირქენდს.






















