
ბლოკ-პოსტებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებთან განთავსდა დღეიდან თავდაცვის ძალები დაემატა,- ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მხარის რწმუნებულის თქმით, თავდაცვის ძალები შესაძლოა აბაშაშიც დაამატონ.
„ხვალიდან თავდაცვის ძალებიც შეუერთდებიან, პოლიციას. ეს ბლოკ პოსტები განთავსდება ფოთის შემოსასვლელ-გასასვლელთან, თუმცა საპოლიციო ახლაც არის, მაგრამ ბარიერები იქნება შესაბამისად მოწყობილი. ასევე ზუგდიდის შემოსასვლელში.
სავარაუდოდ აბაშასაც დავამატებთ. იქ პოლიცია, არის მაგრამ მოვილაპარაკებთ და შესაძლოა თავდაცვის ძალები დავამატოთ. თერმოსკრინინგის საკითხი, შესათანხმებელია ჯანდაცვასთან. დამატებითი ძალების მობილიზების აუცილებლობა არ არის. ხვალ ცხრა საათის შემდეგ ჩვენს მოქალქეებს არ ექნებათ აუცილებლობა გამოვიდნენ გარეთ, მხოლოდ იმუშავებს აფთიაქი.
ცნობილია თქვენთვის და ყველასთვის, რომ აფთიაქში წასასვლელად ჩვენს მოქალქეებს უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა.
შესაბამისად 70 წელს გადაცილებულ ჩვენს მოქალქეებს თუ კი დასჭირდებათ მომსახურება, უზრუნველყოფს მუნუციპალიტეტი. ცხელი ხაზი მუშაობს, როგორც რესპუბლიკაში ასევე ჩვენთან. ამდენად კოორდინაციის პრობლემა არ არის“, – ამბობს ალექსანდრე მოწერელია.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
ავტორი: თეა შონია






















