11:57 | 2020-03-31 ავტორი: Prime Time

ზუგდიდში კორონავირუსის დიაგნოზით გადმოყვანილი ქალის კონტაქტების სიაში ოთხი ექიმია

ზუგდიდში კორონავირუსის დიაგნოზით გადმოყვანილი ქალის კონტაქტების სიაში ოთხი ექიმია

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა 50 წლის ნ.ხ-ია. („პრაიმტაიმი“ პაციენტის ვინაობას არ ასახელებს) – ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ აფხაზური მედია ავრცელებს.

 

ასევე აფხაზურმა ე.წ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს იმ ადამიანების სია, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დაინფიცირებულ ნ.ხ-სთან. სავარაუდოდ, კონტაქტები ერთი ოჯახის წევრები არიან.

 

გარდა ამისა, კონტაქტების სიაშია 4 ექიმია, რომლებიც სავარაუდოდ ნ.ხ-ს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარებას უწევდნენ.

 

ქალთან ერთად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ ერთი პირი მოემგზავრებოდა, თუმცა საოკუპაციო რეჟიმმა მას ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცა.

 

ექიმის თქმით, ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 2 პაციენტია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ასარიდებლად აფხაზეთში 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოსახლეობას ღამის 12-დან დილის 6 საათამდე გამოსვლა აეკრძალა.

 

აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 20 აპრილამდე გაგრძელდება.

 

რაც შეეხება გამშვებ პუნქტებს – ჩაკეტილია მხოლოდ ენგურის ხიდი. რუსეთთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი „ფსოუ“ თავდაპირველად ღია დატოვეს, თუმცა საზღვარი 28 მარტს რუსეთთანაც ჩაიკეტა.

 

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, პირველივე დღეს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბაში ქორწილი გაიმართა, რომელსაც 500 ადამიანი ესწრებოდა.

ავტორი: Prime Time

X