
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მოსახლეობას პირველად სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ. ოჯახებში კარდაკარის პრინციპით დადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი და ოჯახის ექიმი – ისინი მოქალაქეებს ტემპერატურას უზომავენ.
როგორც ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ზედა ეწერის მკვიდრი, რომელსაც 25 მარტს დაუდასტურდა კორონავირუსი, თვითიზოლაციის წესებს მკაცრად იცავდა, მსგავსი გამოკვლევის ჩატარება ადგილობრივმა ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა. ეს პროცესი დაიწყო ზედა ეწერიდან და ჩატარდება მთლიანად მუნიციპალიტეტში.
„გიდასტურებთ, რომ ეს პირი არ არღვევდა თვითიზოლაციის წესებს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების დავალებით ამას ვაკეთებთ მთელს ზუგდიდში და დავიწყეთ მაღალი რისკის ზონიდან, იქედან სადაც პირველი შემთხვევა დაგვიფიქსირდა“, – განაცხადა ნანა ოდიშარიამ.
მისი ცნობით, ტემპერატურა უკვე გაუზომეს ზედა ეწერში მცხოვრებ 112 პირს და არცერთ მათგანს მატება არ აღენიშნებოდა. როგორც ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ეს პროცესი გაგრძელდება და ექიმები მივლენ ყველა ოჯახში:
„ჯერ არ დაფიქსირებულა ტემპერატურის მატება. თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდება, პირს გადავიყვანთ ჰოსპიტალში“, – განაცხადა ნანა ოდიშარიამ.
სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსი 25 მარტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მცხოვრებ 70 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა.
მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ჯანდაცვის ცენტრში ირწმუნებიან, რომ პაციენტი საკუთარ სახლში მკაცრად იცავდა იზოლაციის წესებს. ცოლი, რომელთან ერთადაც ის სახლში იმყოფებოდა, ასევე თვითიზოლაციაშია ბათუმში. ექიმების განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 29 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 91 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 29 მარტს გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 18 მიაღწია.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო და გადაადგილების რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
ავტორი: თეა შონია






















