
წკრიალახმიანი საყვარელი ბიჭი, რომელსაც გიო ხუციშვილის შვილობამ, სიმღერის გარდა, სხვა არჩევანი არ დაუტოვა, 1 მაისს 29 წლის გახდა. მართალია, მომღერლობა პროფესიად არ გაუხდია, თუმცა სცენაზე დგომისა და სიმღერის მანერით მამას ძალიან დაემსგავსა და ამით ამაყობს.
ზუკას დაბადებას დედამისი, მუსიკოსი მაია ჯორჯაძე იხსენებს.
მაია ჯორჯაძე: – ნამდვილად არ მჯერა, რომ ზუკა უკვე 29 წლისაა. 1991 წელს დაიბადა. ომის დროს. მე 22 წლის ვიყავი, გიო – 27 წლის.
გიოს ბებია სამშობიაროში ბებიაქალი იყო. მაშინ მასთან ერთად ვცხოვრობდით და ღამით სამშობიაროაში ბებიასთან ერთად წავედით. ბებია ჩემთან იყო, მშობიარობას ესწრებოდა და ზუკა რომ გაჩნდა, ჩავიდა და ახარა გიოს. გიომ იტირა…
ზუკა ოთხი თვის იყო, გიომ რომ აფხაზეთის ომში წასვლა დააპირა. გადავუდექი, ვეჩხუბე, მაგრამ ვერაფერს გავხდი. საშინელი დრო იყო.
ღამით ზუკას შემოაძრო საფენი, „პილიონკა“, კისერზე შემოიხვია და წავიდა. თვენახევარი იყო ომში. „პილიონკა“ არ მოუხსნია, ზუსტად ისევე დაბრუნდა, როგორც წავიდა.
ყოველი პირველი მაისის მოახლოებისას ღელავდა. სიურპრიზებს უწყობა, უყვარდა საჩუქრები… ამ დროს ზუკას არასდროს სდომებია საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა.
მახსოვს, ერთი დაბადების დღე. ექვსი წლის გახდა ზუკა, რიტუალების სასახლე დაუქირავა, დიდი
დაბადების დღე გადაუხადა.
ბოლოს, ცუდად რომ იყო და დაბადების დღის აღნიშვნის თავი არ ჰქონდა, დაიბარა ზუკა, დააფინანსა და უთხრა, შეკრიბე ბიჭები, სადმე დასხედით და მოულხინეთ, ყველაფერი კარგად იქნებაო.






















