
დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი არსებულ ეპიდემიურ სიტუაციაში ვერც გადაჭარბებული ოპტიმიზმის ადგილს ხედავს და ღმერთს პესიმიზმისგან დაფარვასაც სთხოვს.
როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, გაწეული სამუშაოებისთვის ცხოვრებაში პირველად აქებს მთავრობას.
თუ რა დასკვნა გააკეთა დრამატურგმა რეზო გაბრიაძესთან საუბარში, ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.
ლაშა თაბუკაშვილი:
– ძალიან მეშინია, ამ თემაზე იმდენს ვფიქრობ, რომ უკვე საკუთარ მოსაზრებებში გავიხლართე. არავინ არაფერი დაგვიმალა, არც ექიმებმა და არც მთავრობამ.
მგონი, ცხოვრებაში პირველად ვაქებ მთავრობას. ნამდვილად ვაქებ, ძალიან მაგრად იმუშავეს. აქ უკვე კაი ბიჭობაზე არ არის საუბარი, უმაღლეს დონეზე იმუშავეს.
არ დაუმალავთ და თქვეს, რომ პიკი იწყება, აპრილი არის ჩვენი გამოცდის, შეიძლება – ისტორიული გამოცდის ხანა.
როგორც გავიგე, მიდის იმის დაზუსტდება, რა რესურსები გვაქვს. მეშინია კიდეც ამ თემებზე საუბარი.
ამიტომ, არც ზედმეტი ოპტიმიზმი ვარგა, პანიკა და პესიმიზმი ღმერთმა გვაცილოს. არც გვაქვს უფლება.
მთავარია, ახლა წყალში არ ჩავყაროთ ის, რასაც მივაღწიეთ.
აქამდე კარგად ვიარეთ და ახლა სულყველა ერთმანეთს უნდა დავუდგეთ მხარში.
დღეს ამ პროცესის მონაწილე ყველა ვართ. მხოლოდ ექიმები და შტაბი კი არა, ყოველი ჩვენთაგანი.
მე ასეთი მისტიური შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ჩვენი ფიქრით, ემოციით, ოჯახის წევრების, მეგობრების მიმართ დამოკიდებულებით, ამ მიმდინარე პროცესში ვმონაწილეობთ.
– კომენდანტის საათი საჭირო იყო, როგორ ფიქრობთ?
– საბოლოო ჯამში, ყველა ამ აზრამდე მიდის. ვინც საპირისპიროს დაამტკიცებს, ამის მორალურ უფლებას თავის თავზე როგორ აიღებს, არ ვიცი.
გამკაცრების მეტი არაფერი არ დაგვრჩა.
ვაქცინა არ არსებობს. გაიხედ-გამოიხედეთ, როგორი განწირულები არიან ადამიანები.
ქართველებმა ერთმანეთს ვაგრძნობინეთ, რომ ჭირში ერთმანეთს არ მივატოვებთ. სიტუაციის დრამატურგია კომენდანტის საათისკენ მიდიოდა…
თორემ ჩემი ბუნების კაცისთვის ეს შეზღუდვები ძალიან მძიმეა, მაგრამ თუ გვინდა გადავრჩეთ, გამკაცრებულ ზომებსაც უნდა დავემორჩილოთ.
– რა გიჭირთ ყველაზე მეტად?
– საკუთარი ასაკი. მინდა აქტიური ვიყო… მოხალისე ვიქნებოდი, ელემენტარული რომ მეკეთებინა.
ახლა ცოტა ლუარსაბ თათქარიძესავით ვარ, ერთადერთი, რაც შემიძლია, სახლში ვზივარ და ამაზე მწყდება გული.
შვილიშვილები სახლში არიან და ამ მხრივ მხიარულება არ გვაკლდება.
სამი თაობა, ექვსი სული ვცხოვრობთ ერთად. სხვათა შორის, გამოცდას კარგად გავდივართ, თურმე ძალიან მოგვწონს ერთად ყოფნა.
ყველა ბებოს და ბაბუს მოვუწოდებდი, შვილიშვილებთან თავიანთი კონტაქტი განამტკიცონ. ერთმანეთის მიმართ შეიძლება ბევრი სასარგებლო გავიღოთ.
– კიდე რა დადებითს ხედავთ ამ სიტუაციაში?
– ამას წინათ რეზო გაბრიაძემ დამირეკა. ვსაუბრობდით, რომ შემოქმედ ადამიანებს გული გვიგრძნობდა.
მან თქვა, რაღაც უნდა მომხდარიყოო… და თითქოს ზურგის ტვინით ვგრძნობდით, რომ ასე ვეღარ გაგრძელდებოდა, პლანეტის მასშტაბით ვამბობ.
ყველაფერი ჩიხისკენ მიდიოდა, ეკოლოგიიდან დაწყებული სულიერი ეკოლოგიით დამთავრებული.
ცუდი ფორმა მიიღო ყველაფერმა. რელიგიის ასპექტში პრინციპულად არ ვისაუბრებ.
შეიძლება ეს სწორედ ის არის, რაც კაცობრიობას სჭირდებოდა. ბოდიშს ვიხდი იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაზარალდნენ.
მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ეს არ მომხდარა, თუმცა ცუდისთვისაც უნდა ვემზადოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მკლავები ჩამოვყაროთ.






















