00:46 | 2021-12-23 ავტორი: თამარ გონგაძე

“ზუსტად ერთი თვის წინ ყველაფერი მომპარეს… ჩემ მანქანაში რას იქექები?” – სახალისო ისტორია

“ზუსტად ერთი თვის წინ ყველაფერი მომპარეს… ჩემ მანქანაში რას იქექები?” – სახალისო ისტორია

ნუგზარ ჯუღელის შვილიშვილი, ლიკუნა რემკა რევიშვილი სოციალურ ქსელში თავის სახალისო ისტორიას აქვეყნებს. ფეისბუქ პოსტიდან ვიგებთ, რომ მისი მანქანიდან საყვარელი ბაბუის ნივთები მოუპარავთ. აი, თუ რა გაგრძელება აქვს ამბავს, უნდა წაიკითხოთ…

 

ლიკუნა რემკა რევიშვილი: – დილით ვიღვიძებ, კომოდიდან თმისსამაგრს ვიღებ, ფანჯრიდან ვხედავ 40 წლამდე მამაკაცი აკვირდება ჩემ მანქანას, რომელიც ზუსტად ჩემი ფანჯრისქვეშ აყენია, მიდის, კარს აღებს და იწყებს ქექვას.
ზუსტად ერთი თვის წინ ყველაფერი მომპარეს, ზუსტად ისე გაჩერებული მანქანიდან, როგორც ახლა დავტოვე. წამში გამეფიქრა, რომ ჩასვლას ვერ მოვაწრებ, ფანჯრიდან უნდა შევაჩერო, ალბათ ისევ მოვიდა იმიტომ, რომ იცის საკეტი გაფუჭებული მაქვს, რა კარგია, ბაბუაჩემის ტელეფონს და მის ნივთებს დავაბრუნებინებ.
ფანჯარას ვაღებ და ვეძახი: რას აკეთებ ჩემ მანქანაში?! რეაქცია ნოლი. ტონს ვუწევ, რა გინდა ჩემ მანქანაში რას იქექები, რეაქცია ისევ ნოლი. უკვე ყვირილში გადავდივარ და ვღრიალებ ჩემ მანქანას თავი დაანებე, ახლავე პატრულში ვრეკავ, არ გაინძრე მაქედან.
კაცმა ამომხედა, ჩაწია თავი და აგრძელებს დაწყებულ საქმეს. ნერვები ისე მეშლება, ვფიქრობ, რა ვესროლო ამ სითავხედის შესაჩერებლად. კომოდზე ჩემი პარფუმერია დევს, რომლებიც ძალიან დამენანა გასატეხად. სანათი დევს, ეგ რომ ვისროლო დედაჩემი სავარაუდოდ მე მისვრის, ამიტომ ღრიალს ვიწყებ, არ ვიცი საერთოდ ამ სწრაფ გინებას როგორ ვახერხებ ამ ტონალობაში.
ოთახში შემორბის დედაჩემი, დაბნეული მიყურებს და მეუბნება, რომ ისე ვძაბავ ამ ბოლო დროს, როგორც პათოლოგი ქმრების ყვირილზე ისტრესებიან ქალები. ვუხსნი, რომ მანქანა, ქურდი, ბაბუს ნივთები რომ მომპარა. ამასობაში ტიპი კეტავს მანქანის კარს, ამომხედა და გაკვირვებული მეძახის, ყველაზე საყვარელი იმერული კილოთი.
– ჩემო დაია, რაია, რა ამბავია? აგი სამი წელია ჩემი მანქანაა და შენი როდიდან გახდა ვერაფრით ვერ გევიგე.
პირბადეს იხსნის, მიღიმის და აგრძელებს გზას…

ნახეთ სხვა სიახლეები:

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X